„ოლ-პი ჯგუფი“ სამშენებლო სექტორს სისტემატურად სთავაზობს სიახლეებს. კომპანიის მიმდინარე პროექტების პორტფოლიოში აქტიურადაა წარმოდგენილი „ოლ-პი ჯგუფის“ ინოვაციური პროდუქტები.
„სექტორში არსებული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით, მუდმივად ხდება არსებული სერვისების განახლება. 2023 წლის ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა მოჭიმული იატაკის ტექნოლოგიებში ახალი მიმართულების - მსუბუქი მჭიმის შემოტანის საჭიროება“, - აცხადებს „ოლ-პი ჯგუფის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფურცელაძე ბიზნეს გამოცემასთან "კომერსანტი" საუბრისას.
მისი შეფასებით, სამშენებლო სექტორი სიახლეს ინტერესით შეხვდა და ამჟამად, კომპანია არაერთ მასშტაბურ პროექტს ახალი ტექნოლოგიით ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ასევე მოლაპარაკების სტადიაშია რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი.
„პროდუქტს მაღალი თბო და ხმის იზოლაციის მაჩვენებელი და ცეცხლმედეგობა ახასიათებს. მისი მთავარი უპირატესობა სიმსუბუქეა - მსუბუქი მოჭიმვა სტანდარტულ მშრალ მოჭიმვასთან შედარებით, შემსუბუქებულია 75-70%-მდე. ეს კი პროექტირებისას ოპტიმალური გადაწყვეტილებების საშუალებას იძლევა, როგორც მზიდ კონსტრუქციებში, ასევე არქიტექტურულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებში“, - განმარტავს ფურცელაძე.
„ოლ-პი ჯგუფის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოთხოვნად სერვისებს შორის სარემონტო სამუშაოებს ასახელებს, რომელიც თანამედროვე დიზაინერული ხედვების გათვალისწინებით, მინა ბლოკისა და მიკროცემენტის გამოყენებით სრულდება.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვავითარეთ სარემონტო სამუშაოების ხაზი. კომპანიაში შეიქმნა პროექტირების დეპარტამენტიც. არქიტექტორ-დიზაინერების ჩართულობა მნიშვნელოვნად ამარტივებს დამკვეთისთვის სასურველი შედეგის მიღების პროცეს“, - აცხადებს გიორგი ფურცელაძე.